Monday, September 28, 2009

...და არავითარი "მაშასადამე"?

ბოლო ხანებში ევროპას ქართულ პრესასა თუ ბლოგოსფეროში ძირითადად უარყოფითი ეპითეტებით ამკობენ. მათგან ყველაზე უწყინარი, მაგრამ ალბათ ყველაზე ზუსტიც ასე ჟღერს „ფარისეველი ევროპა“. ომისშემდგომ საქართველოში ევროპულ სტრუქტურებს ვერ პატიობენ, რომ ისინი პროტოკოლური „აღშფოთება–შეშფოთებებით“ შემოიფარგლებიან, ხოლო დიდ ევროპულ სახელმწიფოებს – პირველ რიგში საფრანგეთსა და გერმანიას, ბრალს რუსეთისადმი მაამებლურ პოლიტიკაში სდებენ.

ამ არგუმენტების ემოციური შეფერილობა ევროპის სწორ აღქმასა და მისდამი პოლიტიკის შემუშავებაში ნაკლებად გვშველის. ამერიკულ სტილისტიკას შეჩვეულ ქართულ პოლიტიკურ ელიტას უჭირს ევროპასთან საერთო ენის გამონახვა. ეს სამწუხაროს გარდა, პოლიტიკურად საზიანოცაა. ალბათ მოვიდა დრო ევროპის ორგანზომილებიანი აღქმა უკან მოვიტოვოთ და ამ ჩვენს მიერ "ფარისევლობად" აღქმული ქცვევის მიზეზებიც მოვიკითხოთ, ანუ საკუთარი თავი ცოტა ხნით ევროპის კანში ვიგრძნოთ.

რა არის დღევანდელი ევროპა?
დღევანდელი ევროპა ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანებაა, რომლის მიზანიცაა შეუძლებელი გახადოს ევროპული ომები, შეინარჩუნოს საკუთარი კეთილდღეობა და თავიდან აიცილოს ნებისმიერი გარე საფრთხე. ამ მიზნებიდან გამომდინარე ერთიანი ევროპის ძირითადი ღირებულებებია: კომპრომისი (შინ და გარეთ), ძალადობის უარყოფა (შინ და გარეთ) და სოლიდარობა (შინ).

შეიძლება ღირებულებათა ასეთი სისტემა უხერხემლოდ და სუსტად მოგეჩვენოს, მაგრამ ისიც გავიხსენოთ რომ ერთიანი ევროპა საზიარო ტკივილის შედეგად იშვა. კონტინენტზე დაწყებულმა ორმა მსოფლიო ომმა ევროპული საზოგადოებები შემდეგ აქსიომამდე მიიყვანა – ნებისმიერი ფუნდამენტური უთანხმოება ევროპის დიდ მოთამაშეებს (ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, აწ არარსებული ავსტრო–უნგრეთის იმპერია) შორის მთავრდება კატასტროფით. შესაბამისად, ნებისმიერი უთანხმოება ამ მოთამაშეებს შორის თავიდან უნდა იყოს აცილებული. ამის გარანტიას კი სწორედაც კომპრომისის, ძალადობის უარყოფის და სოლიდარობის პრინციპებზე დამყარებული ინსტიტუტები – ევროპის კომისია და ევროგაერთიანება – იძლევიან.

ეს ინსტიტუტები კომპრომისის მისაღწევად აუცილებელი პროცესის ორგანიზებისთვისაა საჭირო. შესაბამისად მათი მოქმედებაც დროშია გაწელილი. თუკი კომპრომისი ვერ მიიღწევა, საკითხს გადადებენ. თუ მისი უბრალოდ იგნორირება შეუძლებელია - მაშინ შედგება შეთანხმება მოკლევადიან კომპრომისზე და პრობლემის გადაწყვეტის გრძელვადიან გეგმაზე.

ამგვარად, ევროპის ინსტიტუტებისათვის დემოკრატიული პროცესი კომპრომისული შედეგის განუყოფელი ნაწილია. ამასთან ასოცირდება ევროპული ფილოსოფიაც –გათვლა გრძელვადიან მოგებაზე, რაც ეფუძნება რწმენას, რომ სანამ ევროპა ინარჩუნებს ერთიანობას ის მარადიულია, ხოლო პრობლემები კი წარმავალი.

შიდა–ევროპული კომპრომისის ძიებაში ყველა წევრი ქვეყანაა ჩართული, მაგრამ პირველ რიგში ის ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის, აგრეთვე იტალიის პოზიციების დაახლოებას გულისხმობს. კონტინენტური პოლიტიკისაგან ცოტათი განზე მდგომი ლონდონი, პოლიტიკური ლიდერები პარიზი და ბერლინი და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რომი დღევანდელი ევროპის ცენტრად შეიძლება აღვიქვათ.

პირველ მსოფლიო ომთან და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისთან შედარებით ევროპის ცენტრი აშკარად ატლანტიკისკენაა წანაცვლებული. ავსტრო–უნგრეთის რღვევამ, მერე კი რკინის ფარდამ ცენტრალურ–აღმოსავლეთ ევროპა ლიდერი სახელმწიფოს გარეშე დატოვა და მას პოლიტიკური პერიფერიის როლი არგუნა. დღეს, ნებიმიერი წერტილი ვენის აღმოსავლეთით ევროპული პერიფერიაა. აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოები დასავლეთევროპული საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ ეთნოგრაფიული სიურპრიზებით მოფენილ ტერა ინკოგნიტად, „შიდა საზღვარგარეთად“ რჩება. სსრკ–ს ყოფილი რესპუბლიკები ამ ტერა ინკოგნიტას მიღმაა, ანუ დაახლოებით იქ, შუასაუკუნეობრივ რუქებზე გველეშაპებს რომ ახატავდნენ.

საგარეო საქმებში ევროპული სოლიდარობა მით უფრო საშური და ქმედითია რაც უფრო ახლოსაა ის ევროპის პოლიტიკური ცენტრის ინტერესებთან რაც უფრო ვშორდებით ევროპის ცენტრს, მით ნაკლები ინტენსივობისაა ყურადღება და უფრო დუნეა საფრთხეზე რეაქცია. საგარეო საფრთხეებზე რეაგირებისას ერთიანი ევროპა მოქმედებს „მინიმალური აუცილებელი ზემოქმედების“ პრინციპით – ანუ მისი მიზანია აირიდოს საფრთხე და არა არსებითად გადაჭრას პრობლემა.

ეს იმიტომაც ხდება, რომ დღევანდელი ევროპა "შიგნით მაყურებელი" ორგანიზმია. ამერიკის მესიანური პოლიტიკა ევროპისთვის განვლილი და მტკივნეული, ჯვაროსნული ლაშქრობებისა და შემდეგ კი კოლონიალისტური ეტაპია. მისი მიზანია ერთიანობის დაცვა, რაც მისი მარადიულობის საწინდარია. ევროპის გარეთ მდგომ ქვეყნებს შეუძლიათ მასთან დაახლოება, თუკი ნებაყოფლობით აღიარებენ იმავე ღირებულებებს. ერთიანი ევროპა თავისკენ არავის ექაჩება, ხელს კი მხოლოდ მაშინ გამოიღებს, როცა საქმე ევროპის ცენტრის უსაფრთხოებას ეხება. აქ ბალკანეთის მაგალითი გამოგვადგება: ომი ბალკანეთში ლტოლვილების ნაკადით ემუქრებოდა იტალიას, გერმანიას და ავსტრიას. ევროპაში „სარაევოში ერთი გასროლის“ ისტორიაც მშვენივრად ახსოვთ.

დასკვნისებური
ევროპული პოლიტიკით საქართველოში ყველა გაღიზიანებულია. ამგვარი ერთობა საკვირველია იმ დროს, როდესაც პოლიტიკური დაპირისპირების ხაზები ლამისაა ფეხბურთსა და ლიტერატურაზეც გაივლოს. თუკი ზემოთმოყვანილი მსჯელობა სიმართლის მარცვალს შეიცავს, იქნებ ამგვარი უჩვეულო ერთიანობა იმის ბრალიცაა რომ ევროპის ღირებულებები – კომპრომისი, ძალის გამოყენების უარყოფა და სოლიდარობა საქართველოს საზოგადოებისათვის უცხოა? ამ კითხვაზე პასუხი ფუჭი იქნება თუ მეორესაც არ დავსვამთ: რამდენად შეესაბამება ამ ღირებულებების გაზიარება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს?

ეს კითხვები ბლოგოსფეროს კალმოსნებისათვის მიმინდვია, ჩემდათავად კი შემდეგ გზავნილში შევეცდები ევროპული პოლიტიკის ამ ანალიზით აღჭურვილმა შევხედო რუსეთ–საქართველოს შარშანდელ ომს.